2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს 1 024 954 პირი იღებდა.
„2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%- ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია კვლევაში.
9 600 ლარზე მეტი ხელფასი ივნისში 33 823 ადამიანს ჰქონდა
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში 599-ლარამდე ხელფასი 111 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 181 ათასს შეადგენდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 349 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 383 ათასი ადამიანის თვიური ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, ივნისში 33 823 ადამიანმა აიღო.










