თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.
“პირველების” ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავების შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს კი დაზიანება მიიღო. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დაჭრისა და მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, კაპანაძე ახალგაზრდების სიცილმა გააღიზიანა და მათი მისამართით მინიმუმ 10-ჯერ გაისროლა.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა.
რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.










