4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.
რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.










