დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა
1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ცვლილებები ოთხ ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და, დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას.
ახალი ტარიფების მიხედვით, რიგ შემთხვევებში ბილეთების ფასი განსაკუთრებით უცხოელებისთვის მნიშვნელოვნად – ზოგჯერ ორმაგადაც – გაიზარდა. პარალელურად, სააგენტომ ვიზიტორებისთვის ახალი შეთავაზებაც დანერგა – ე.წ. „კომბო ბილეთები“, რომლებიც რამდენიმე ობიექტის ერთიან ფასად მონახულების შესაძლებლობას იძლევა.
📍 რა იცვლება კონკრეტულად:
მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე შესვლის საფასური გაიზარდა — საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 12 ლარიდან 16 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის მარტვილის კანიონზე ფასი გაორმაგდა და 40 ლარი გახდა. ოკაცეს კანიონზე კი უცხოელებისთვის ტარიფი 20-დან 30 ლარამდე გაიზარდა.
პრომეთეს მღვიმეში შესვლა ასევე გაძვირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 25-დან 40 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის — 13-დან 16 ლარამდე. დამატებით, მღვიმეში ნავით გადაადგილების სერვისიც გაძვირდა უცხოელებისთვის და 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა.
სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე უცხოელებისთვის შესვლა 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასი 10-დან 15 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში შესვლის ტარიფი უცვლელი დარჩა. თუმცა, ეს ობიექტები „კომბო ბილეთებში“ გაერთიანდა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთ ბილეთად რამდენიმე ლოკაცია მოინახულონ.










