ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია – სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა.
“მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.










