„საქართველო გეოლოგიურად ახალგაზრდა სტრუქტურაში იმყოფება. ეს სტრუქტურა ჯერ ცოცხალია, გეოდინამიკური პროცესები აქტიურია, ამიტომ მთლიანად საქართველოს ტერიტორია ფაქიზი ზონაა.
ჩვენთან მეწყერსაშიში ადგილები მრავლადაა. ძირითადად ეს არის როგორც კავკასიონის სამხრეთი ფერდი, ისე მცირე კავკასია – გურია, აჭარა და ა.შ. ყველას გვახსოვს აჭარიდან ეკომიგრანტები და ა.შ. ძალიან ბევრია ასეთი ადგილი“, – განაცხადა თვალჭრელიძემ.
მისი თქმით, ეს პროცესები ყოველთვის ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგად ჩნდება და მეწყერი სწორედ წონასწორობის აღდგენის ერთგვარი მეთოდია.
„მსგავსი პროცესები ყოველთვის ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგად ჩნდება. ბუნებას უნდა იყოს წონასწორობაში. როდესაც ჩვენ ვაგებთ გზას, ვჭრით ქედს და ა.შ. ვარღვევთ ამ წონასწორობას. ბუნებას კი უნდა, ისევ წონასწორობაში მოვიდეს და ეს მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი. მაგალითად, როცა არის გზა იქ, სადაც არ უნდა იყოს, წამოვა მეწყერი და ყველაფერი მოდის ისევ ნორმაში, ამიტომ როცა მშენებლობა მიდის, ძალიან სერიოზული წინასწარი კვლევა სჭირდება მას“, – განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.
რაც შეეხება დედაქალაქს, თვალჭრელიძის თქმით, თბილისში ძალიან სახიფათოა ნინო ჟვანიას ქუჩა: „მე ადრე თქვენს კოლეგებს ვაჩვენე, როგორ ჩნდება ამ ადგილებზე მეწყერი. ასევე ფუნიკულორის გვერდზე არის კლდეში შეტეხილი სახლები, რომლებიც ძალიან სახიფათოა.
ასევე ნუცუბიძის პლატოზე რომ დაიწყეს გზის მშენებლობა, როდის მოვა წონასწორობაში ბუნება და როდის გააქტიურდება მეწყერი, არავინ იცის.
საერთოდაც, თბილისში კიდევ სხვა პრობლემებია, მაგალითად, გრუნტის წყლების პრობლემა, რომელიც მოედინება მთაწმინდიდან სოლოლაკის გავლით და ჩამოდის რუსთაველზე. მაგალითად, რუსთაველის თეატრის ძირში 20-მეტრიანი ფუღურო აღმოჩინეს, რომელიც ამორეცხილი იყო გრუნტის წყლებით და ა.შ“ – აღნიშნა მან.
თვალჭრელიძე ამბობს, რომ თავის დროზე მან მერიას გეოფიზიკური კვლევის ჩატარებას შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
„თავის დროზე მე შევთავაზე მერიას, რომ გაგვეკეთებინა გეოფიზიკური კვლევა, რომელიც საკმაოდ იაფი ჯდებოდა და რაზეც უარი მივიღე და აწი, როდის რა დაინგრევა, ვერაფერს გეტყვით“ – განაცხადა მან.










