გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი.
როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განმარტა, დასანქცირების საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტიც. პეტერ ფიშერის განმარტებით, გუშინ ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტი უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მიიღეს.
„გუშინ ევროკავშირში უნდა მიგვეღო სანქციების მე-20 პაკეტი, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო და მოიცავდა ახალ ზომებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იმ პორტების წინააღმდეგ, რომელიც იღებს რუსულ ნავთობს და ასევე პორტების წინააღმდეგ, რომელიც იღებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერებს. ეს პაკეტი ვერ მივიღეთ, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს.
საქართველოსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აარჩია, როგორც მისი მოკავშირე, რომელიც როგორც ამბობენ, უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში- კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება!
ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე და მინდა გითხრათ, რომ სასანქციო პაკეტში იყო ყულევის პორტი. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის დაიბლოკა ასევე ამ ორი ქვეყნის მიერ [უნგრეთი და სლოვაკეთი]. როდესაც ევროკავშირში არის საკანონმდებლო წინადადება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვება მტკიცებულებების პაკეტი, ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ: იცით ყულევში შეიძლება რაღაც იყოს და მოდი დავასანქციროთ ის. არა, ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებების პაკეტს და როგორც უკვე ვთქვი, საკანონმდებლო წინადადებაც იყო და მტკიცებულებების პაკეტიც.” – განაცხადა ელჩმა.










