ქუთაისის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი
ქუთაისში, კლინიკა „უნიქალ მედიში“ ორშაბათ დილით მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს აქტიური განხილვა როგორც რეალურ სივრცეში, ისე სოციალურ ქსელებში.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზოგადოების ნაწილს სრულად არ აქვს ინფორმაცია რეალურ გარემოებებზე და, მათი თქმით, ფაქტის ინტერპრეტაცია დამახინჯდა კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან.
დაზარალებულად სახელდება კლინიკის მთავარი ექიმი და კლინიკური მენეჯერი ინდირა კოპალეიშვილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი წლების განმავლობაში სარგებლობდა მაღალი პროფესიული რეპუტაციით და სხვადასხვა კლინიკაში წამყვან პოზიციებს იკავებდა.
მათი თქმით, კლინიკის დირექტორი კახა ნურალიძე მის მიმართ სისტემურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და მოითხოვდა არამართლზომიერი და შესაძლოა კანონთან შეუთავსებელი დავალებების შესრულებას, რასაც ინდირა კოპალეიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ამ გარემოებებმა მიიყვანა დაზარალებული მძიმე ემოციურ მდგომარეობამდე, რასაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ორშაბათ დილით მომხდარი ინციდენტი.
“გამუდმებულმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მუქარამ მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი სულიერად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.“
საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. პარალელურად, დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა პროკურატურას მიმართეს სხვა შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებითაც, მათ შორის:
სსკ 168-ე მუხლი — შრომის თავისუფლების ხელყოფა
სსკ 144³ პრიმა მუხლი — არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა
განცხადებაში უარყოფილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინციდენტი სექსუალურ შევიწროებას უკავშირდებოდა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი ვერსია ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და საკითხის კვლევა სამართლებრივი კუთხით უნდა გაგრძელდეს.
ასევე უარყოფილია კლინიკის დირექტორის განცხადება, ინდირა კოპალეიშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ის კლინიკაში სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ექიმების ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მოგვინებით პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს გამოკითხვაზე.
დაზარალებული მხარე მადლობას უხდის სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისთვის და აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა არსებულ მტკიცებულებას ეტაპობრივად წარუდგენენ.
მათი თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერიოდულად გაგრძელდება და თითოეული ფაქტობრივი გარემოება გამოძიების პროცესში გახდება შეფასების საგანი.










