ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც რუსული სიმღერის გამო დაიწყო.
ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსს გამოძიება დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.
„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია – პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.
შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. კერძოდ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ, თუმცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.










