“შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი
“სკოჩი” და გამოჩნდა ცარიელი თაროები…
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი – საცნობარო- ბიბლიოგრაფიული განყოფილებაც.
ამ ფოტოებზე თითქოს კი ვიღიმებით, მაგრამ ჩვეულ გარემოსთან გარკვეული ვადით გამოთხოვება და მომავალ სამუშაოთა ლოკაციაში გაურკვევლობა არც მთლად მშვიდ ხასიათზე გვაყენებს…
ერთი კი ვიცით- სადაც არ უნდა განვლაგდეთ ბიბლიოგრაფიული განყოფილების ჯარისკაცები, “ინდუსტრიული ქუთაისის”, “სტალინელისა” და “ქუთაისის” ძველთაძველ კომპლექტებს თან წავიღებთ და საძიებლების ტომეულებზე მუშაობას ძველებური მონდომებით გავშლით ახალ ფრონტზე.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გააჟღერა.
“აღნიშნულ უბანში თავმოყრილია მრავალი ისტორიული და კულტურული ღირებულების შენობა. მათ შორის, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა – ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ნაგებობა. შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს — ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.” – განაცხადა მინისტრმა.









