საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა – შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო, მიზეზად სავიზო რეჟიმის დარღვევა დაასახელა. ახალი წესების მიხედვით, მძღოლებს რუსეთში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეუმცირდათ, რაც მათ მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რეგულაციები არამხოლოდ პროფესიულ, არამედ სოციალურ პრობლემებსაც ქმნის, რადგან ბევრ მძღოლს საბანკო ვალდებულებები და ოჯახის შენახვის პასუხისმგებლობა აქვს. მათ მოთხოვნა სამინისტროსთან სწორედ ამ საკითხების გასაჟღერებლად და შესაძლო დიპლომატიური გზებით პრობლემის მოსაგვარებლად დააფიქსირეს.