„პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ – მიდის ქვიშა-ხრეშის აბსოლუტურად გაუაზრებელი მოპოვება: მოიპოვებენ ყველგან, მოიპოვებენ ნებისმიერი ოდენობით… თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ: მოვკლავთ მდინარეებს, მოვკლავთ ზღვას, ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება და მაშინ რაღად გვინდა ეს მშენებლობა?“ – კითხულობს გარემოსდამცველი.
- ბატონო არჩილ, სოციალურ ქსელში წერდით, რომ „ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა“, რასთან გვაქვს საქმე?
გუშინ [20 სექტემბერი] დღის საათებში გავზომეთ სიმღვრივე ორი აპარატით. ეს იყო ტურბიდომეტრი – სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ზომავს სიმღვრივეს 10 000 NTU-მდე და აჩვენა 2650. უფრო მაღალი მაჩვენებლებიც იყო, მაგრამ ყველაზე დაბალი იყო ეს – 2650.
ეს ძალიან მაღალი, წარმოუდგენელი მაჩვენებელია. უბრალოდ, ვინც ამ სფეროს სპეციალისტი არ არის, მისთვის შესაძლოა, ამის აღქმა არის ძალიან რთული. რას ნიშნავს 2650 NTU? – 50 NTU-ზე ზევით უკვე ჰიდრობიონტებს ექმნებათ სერიოზული პრობლემები.
ზღვის ეკოსისტემისთვის განსაზღვრული არ არის ზღვრულად დასაშვები სიმღვრივის კონცენტრაცია NTU-ში. არის სანიტარული ნორმები, სხვა ნორმები, მაგრამ ეკოლოგიური ნორმა დადგენილი არ არის. რომ ავიღოთ საერთაშორისო, საყოველთაოდ მიღებული ნორმა, მაქსიმუმ 51-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ კონცენტრაციას – 500-ზე ზევით უკვე მთელი რიგი ჰიდრობიონტებისთვის არის სასიკვდილო.
- გამოდის, სერიოზული საფრთხე ემუქრება შავი ზღვის ეკოლოგიურ სისტემას?
მე თვითონ არ ვენდე საკუთარ თავს. მეთქი, რაღაც შეცდომაა ხომ არაა?
წავედით, მოვიტანეთ სპეციალური ცილინდრი. სიმღვრივე იზომება, როგორც ტურბიდომეტრით, ასევე არის ძველი მეთოდი: სპეციალური ცილინდრია, ამ ცილინდრში ასხამ წყალს და მერე დანალექის პრინციპით რაც დაილექება, აჩერებ გარკვეული დროის განმავლობაში, დანალექის მიხედვით უკვე განსაზღვრავ, რამდენია სიმღვრივე. ამ ცილინდრმა აჩვენა 1000 NTU. 1000 აჩვენა იმიტომ, რომ ეგ ცილინდრი 1000-ზე ზევით ვერც ზომავს, მეტის გაზომვა მას არ შეუძლია.
მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, უცხოეთში. მათ გავუგზავნე, როგორც ფოტო, ისე ვიდეო მასალა. ეს სიმღვრივე არ იყო გაზომილი მდინარის შესართავთან – საზღვაო აკადემიის წინ გავზომე. ჩემმა კოლეგებმაც დამიდასტურეს, რომ ასეთი ოდენობის სიმღვრივე შავი ზღვის სანაპიროზე არსად არ დაფიქსირებულა.
აი, კახოვკის კაშხალი რომ ააფეთქეს და უზარმაზარი მასები შევიდა ზღვაში, კატასტროფა იყო, იმ დროსაც კი არ იყო ეს მაჩვენებელი. იქ სადღაც 800-მდე იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და აქ იყო 2650.
- ეს მაჩვენებელი, რაც თქვენ ახლა დააფიქსირეთ, არასდროს ყოფილა შავ ზღვაში?
ისტორიაში არ ყოფილა საერთოდ. რა მონაცემებიც მე მაქვს – ისტორიული და მიმდინარეც – ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა. ჰიდროქიმიკოსებმაც ეს დამიდასტურეს, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხებზე მუშაობენ. მათი შეკითხვა იყო, რა მოხდა, რა გასკდა? ვუთხარი, რომ არაფერი არ გამსკდარა, არაფერი აფეთქებულა, უბრალოდ განაგრძეთ კითხვა










