არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენი შეაფასა, რომელსაც მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს.
„ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, ერთიანები. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. წარმოიდგინეთ, ის, რომ ძლიერი იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამდა? სუსტია და იმიტომ. დაკავებას ველოდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ერთადერთი გზა, რაც დარჩენილი აქვს, არის ის, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს. სხვა არაფერი დარჩა, არ არის აღიარებული ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაგრამ ერთი რამ იცოდეს- ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, კიდევ უფრო ერთიანი იქნება. არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, ამ რეჟიმისგან, რომელიც საბოლოოდ, ეღობება მე და მამუკას, ზურას მომავალს კი არა, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს. არ უნდათ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და უნდათ დაისაჯოს ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ხმას აღიმაღლებს და ამ ადამიანებს საკუთარ ადგილს მიუჩენს. არსებობს ერთადერთი გეგმა, ბრძოლა ბოლომდე იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.