ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი განმარტავს, თუ რატომ დაერიცხა აბონენტების ნაწილს იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური.
როგორც ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი არ არის და კომპანიებს დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები.
„იანვრის თვეში, ჩვენს სამსახურში, ასევე კომისიაში ძალიან გახშირდა მომართვები იმასთან დაკავშირებით რომ იანვრის თვის გადასახადი, რომელიც მიიღეს ქვითრის სახით, მასზე ასახული დავალიანება ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალურად ისინი მოიხმარენ, ის აღემატებოდა წინა თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს.
გადასახადის გაზრდას ცალკეულ შემთხვევაში იწვევს კომპანიების მხრიდან არასწორად დაფიქსირებული ჩვენება, ასევე იყოს აღრიცხვიანობის მოშლა, ან არასწორად განხორციელებული აღრიცხვა. თუნდაც, რაიმე ტიპის დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი გადასახადის დარიცხვა. ეს არის კორექტირების საფუძველი“,- აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ამასთან, გულეიშვილის თქმით, საფასურის კორექტირების საფუძველია თუ დადასტურდება კომპანიის ბრალეულობა.
„თუ დადასტურდა, რომ კომპანიის ბრალეულობით, არასწორად აღებული ჩვენებით, რაიმე ტიპის დაზიანებით, ან თუნდაც აღრიცხვის ხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მომხმარებელს ზედმეტად დაერიცხა გადასახადი, ეს კორექტივების საფუძველია. ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ, უნდა გავაგზავნოთ რეკომენდაცია თანხის კორექტირებაზეც“,- აღნიშნა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.