14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის, მსოფლიოში, სიძველით, დანიის შემდეგ, მეორე ადგილზეა
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.
ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოა .
„სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.
. . .
მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.










