ჩეხურმა ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან თანამშრომლობით, 2023-2024 წლებში განახორციელა მედიაწიგნიერების პროექტი.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი მედია-აქტორების ინფორმირებულობის გაზრდას დეზინფორმაციის, ყალბი ამბების თაობაზე, ასევე, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა პირების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.
პროექტი ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობდა და 500-ზე მეტი ადამიანი მოიცვა.
პროექტის განმავლობაში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელმაც მედიაწიგნიერების საკითხებზე ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მისცა.
პროექტის საწყის ეტაპზე, კონკურსის გზით შეირჩა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებმაც აიმაღლეს ცოდნა და კვალიფიკაცია მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით. მათი მეშვეობით ჩატარდა OWIS-ის (One World in Schools) მედიაწიგნიერების ვორკშოპები, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. არაფორმალური განათლების ეს აქტივობა მონაწილეებში ამაღლებს მთელ რიგ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, შეფასების, აზრის სწორად ჩამოყალიბებისა და გაზიარების უნარები.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დოკუმენტური ფილმების ჩვენება ეფექტური საშუალებაა საიმისოდ, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვანი საკითხები გავაცნოთ. ფილმები, როგორც აუდიოვიზუალური საშუალება, საინტერესოდ გადმოსცემენ ინფორმაციას კონკრეტულ თემებზე, წარმოადგენენ რეალური ადამიანების ისტორიებს. ისინი შესაძლოა, ცალკეული პრობლემების გადაჭრისათვის მოტივაციის წყაროდაც იქცნენ.
„ერთი მსოფლიო სკოლებში“ (OWIS) საგანმანათლებლო პროგრამა იყენებს დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ნაჩვენები იყო ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფესტივალზე „ერთი მსოფლიო.“ ფესტივალი 1998 წლიდან ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) მიერ ტარდება. ჩეხურ სკოლებში ფილმების შერჩევისას გათვალისწინებულია მათი თემატიკა, ხანგრძლივობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და ა.შ.
„უნდა აღინიშნოს, რომ მედიაწიგნიერების პროექტმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა დაეგეგმათ და განეხორციელებინათ საკუთარ თემში არსებულ პრობლემებზე მომზადებული მედია ინიციატივები. წარმოდგენილმა პროექტებმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ახალგაზრდებს განსხვავებული ხედვა და დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ საკითხის მიმართ და პრობლების წარმოჩენასა და მის მოგვარებას კრეატიულად უდგებიან. მათ მიერ მომზადებულმა ვიდეო-რგოლებმა, მოკლე ანიმაციებმა, პრეზენტაციებმა, პოსტერებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა,“ – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, თეონა ფურცხვანიძემ.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეხვედრა პედაგოგებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია მედიაწიგნიერების და მისი სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, ასევე აუდიტორიამ იხილა ნიკოლას ვეულის დოკუმენტური ფილმი „გამომიწერე,“ რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტეგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
„საგულისხმოა, რომ მასწავლებლების მხრიდან მედიაწიგნიერების თემების მიმართ დაინტერესება ყოველთვის მაღალია, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მსგავსი შეხვედრების ნაკლებობაა და გარკვეული გამოწვევები არსებობს ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომლობის თვალსაზრისით. ასევე, პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია მედიაწიგნიერების თემაზე შექმნილი სასწავლო რესურსების და მასალების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ონლაინ პლატფორმაზე: www.literacydoc.ge და მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ რესურსებით სარგებლობა. ციფრული პლატფორმა, მომხმარებელს სთავაზობს უფასო, მედიაწიგნიერების მუდლის (Moodle) ონლაინ კურსსაც, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს ონლაინ სერტიფიკატს.“
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი აქტივობა, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ეს დოკუმენტური ფილმების ფესტივალია. აღნიშნული ღონისძიების ინსპირაცია სწორედ ჩეხეთის ადამიანის უფლებების ყოველწლიური ფესტივალიდან „ერთი მსოფლიო“ მომდინარეობს და ის საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ფესტივალს ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც დაემატა, რომელიც ბოლნისსა და ახალქალაქში ჩატარდა. ფესტივალის ბოლო დღეს თბილისში შევაჯამეთ ის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, რაც პროექტის განმავლობაში არსებობდა.
ღონისძიება სამი პანელისგან შედგებოდა.
პირველ პანელზე დრო დაეთმო პროექტის პრეზენტაციას და OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიის გაცნობას. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დამსწრე აუდიტორიას გააცვნეს მათ მიერ განხორციელებული მედია-ინიციატივები და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

მეორე პანელზე, დამსწრე საზოგადოებამ იხილა დოკუმენტური ფილმი, რომლის შემდეგაც მოეწყო განხილვა და დისკუსია.

მესამე პანელზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მიმოვიხილეთ მედიაწიგნიერების სხვადასხვა საკითხები და მედია-გარემო საქართველოში, რა გამოწვევები და მიღწევები არსებობს ამ მიმართულებით და რა როლი აქვს ციფრული უნარების დანერგვას სასკოლო განათლებაში.

ფესტივალს ესწრებოდნენ ჩეხეთის საელჩოს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „ფიფლ ინ ნიდ“-ის, რადიო მარნეულის წარმომადგენლები, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედია-საშუალებები.
„თანამედროვე განათლებაში მედიაწიგნიერება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამჭოლ კომპეტენციას წარმოადგენს და ციფრული მოქალაქეობის გარეშე ჩვენს საუკუნეში ცხოვრება წამოუდგენელია. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, საინტერესო ტრენინგები და ვორკშოპები, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, შეიქმნა აუდიოვიზუალური მასალები და რესურსები. სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს მიეცათ საშუალება აემაღლებინათ ცოდნა ყალბი ინფორმაციის ამოცნობის, პროპაგანდასთან, მანიპულაციასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა გააცნობიერეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, რა როლი აქვს მოქალაქე ჟურნალისტს და რა დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლიათ თავად საკუთარი თემისთვის.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია და სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, გაზარდა მოტივაცია ვიყოთ უფრო აქტიური, პასუხისმგებლიანი და მედიაწიგნიერი მოქალაქეები,“ – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, თეონა ფურცხვანიძემ.










