შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
ბიძინა ივანიშვილის ქონება, – Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, – 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.









