ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ექიმები რეანიმაციიდან მისი პალატაში გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვალის ფუნქციის შეფასებისას დადგინდა, რომ პაციენტს შეუძლია ობიექტების გარჩევა.
„ყველა პარამეტრით გაუმჯობესება გახლავთ. ცნობიერია, კონტაქტი სრულიად მყარდება, თვითონ ითხოვს წამოდგომასაც, უკვე მოხერხდა თვალის ფუნქციის შეფასება და საბედნიეროდ, მხედველობის ფუნქცია, მართალია დაქვეითებულია, მაგრამ ფუნქცია შენახული გახლავთ. ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც. ასე რომ, ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თავისუფლად შეთავსებადია პალატაში გადაყვანის საკითხთან“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.