ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც, უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ეპიტაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული.
„მეგობრებო, კარგად ვარ. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს. გამოძიება დაწყებულია.
იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს. იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია.
დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ“,- წერს ეპიტაშვილი.
გარდა ამისა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ის სკოლის მასწავლებელია, ფიქრია ეპიტაშვილი ამბობს, რომ ის არა მასწავლებელი, არამედ სკოლის საინფორმაციო მენეჯერია.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად – მე არ ვარ მასწავლებელი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბავშვებს არ ვასწავლი). ვარ სკოლის თანამშრომელი, პოზიცია – საინფორმაციო მენეჯერი. ვიცნობ და მიცნობს ალბათ სკოლის ყველა ბავშვი და თითქმის ყველა მშობელი..
ემოცია ძალიან დიდია, ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის ყველაფერი იქნება კარგად!“,- წერს ფიქრია ეპიტაშვილი.
ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ფიქრია ეპიტაშვილის მეგობრის, ნატა ცნობილაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ფიქრია ეპიტაშვილის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება. როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია ეპიტაშვილი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს.
„უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: “გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო”. ქუჩაში არავინ იყო. თან ფიქრიას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, რომ ვინმე ეპარებოდა. ფიქრია ეცადა სამართებლის გამორთმევას, რადგან ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებდა, ეჯიკავა, გამოართვა სამართებელი, დაეცა და ეს ადამიანი გაიქცა”, – განაცხადა ნატა ცნობილაძემ „რადიო თავისუფლებასთან“.