შრომის ინსპექცია მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად. აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა. შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.