მარნეულის რაიონის სოფელ საბირქანდში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. გარდაცვლილი ქალის ნათესავის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„შაბათი იყო. დილის 11-12 საათზე მან შვილს უთხრა, რომ სახლში დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. მე სააბაზანოში მივდივარო. სააბაზანოში წასვლის შემდეგ ბავშვს დაავიწყდა, რომ დედა აბაზანაში იყო.
დაახლოებით, სამის 15-20 წუთზე გაახსენდა, რომ სააბაზანოდან არ გამოსულა და როდესაც დაუძახა, არავინ გააგონა. ჩვენი სახლი ჩემი ძმის სახლთანაა. არც მე ვიყავი სახლში. ბავშვი მოსულა და დაუძახებია ჩემი ცოლისთვის, დედას ვეძახი, მაგრამ ხმას არ მცემსო. ჩემი ცოლიც წავიდა და დაინახა, რომ ეს ქალი დაცემული იყო. მოგვიანებით ჩემმა ქალიშვილმაც დამირეკა, ბიცლოა ცუდად არისო დედაჩემი მეუბნება, ჰაჯის უთხარი, რომ სასწრაფოდ მოვიდეს სახლშიო. ასე მოხდა მწარე ინციდენტი. 112-ში დავრეკეთ. მოვიდა მეხანძრეების მანქანა, „სოკარი“ და სასწრაფო დახმარების მანქანა. მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. სამწუხაროდ, გაზის ბლოკი შიგნით იყო. ჩიტმა ბუდე გაიკეთა გაზის მილში. იქ ჰაერი არ გადიოდა. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა.” – განაცხადა გარდაცვლილი ქალის მაზლმა
რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ითვალისწინებს უსაფრთხოების წესების დარღვევას ელექტრო ან თბოენერგეტიკული, გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს.
წყარო: რადიო მარნეული