2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა.
2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ, “მოქალაქეთა კავშირმა” ტოტალურად გააყალბა, სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” კი, სადაც “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება” შედიოდნენ, გამარჯვებულად გამოცხადდა.
იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო მხოლოდ დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.
ბურჯანაძე/ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა, თავად ენმ-მ კი შესაძლო საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი.
პროტესტი 20 დღის განმავლობაში არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში.
მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კი მოქალაქეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებებისა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს მაინც ჩანიშნა.
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს.
22 ნოემბერს კი, მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის პირველი სხდომა იხსნებოდა, მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის მიმართულებით, ვარდებით ხელში დაიძრა.
მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა და ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც შევარდნაძემ დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა.
საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 21-ე დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის შუამავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი იყო.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.










