ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, წააქეზეს აგენტურაა, აქ „მაიდნისკენ“ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს და შინაგან საქმეთა მინისტრს „კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, წააქეზეს აგენტურაა, აქ „მაიდნისკენ“ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“,-განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში.
„გუშინ საქართველოს მოსახლეობამ ასევე მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომელსაც დამეთანხმებით, ვერც თავი გაუგო ვერავინ და ვერც ბოლო. სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერზე ისაუბრა, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, რასაც ალბათ, მისგან საზოგადოება ყველაზე მეტად ელოდა, ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა. თუ არა, ის ამით კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას. მეტი სიცხადისთვის, გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტს პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. შესაბამისად, შევიკრიბებით პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობას შევუდგებით“,-განაცხადა მდინარაძემ.