ერთი წელი გავიდა რაც 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებოდა. საზეიმო თარიღიდან ერთი თვის შემდეგ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ერთი წლის შემდეგ საქართველოს გაწევრიანების საკითხი ევროკავშირში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ეჭვქვეშ დგას.
ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 8 ნოემბერს, დღეს, ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები – საქართველოს საკითხს განიხილავენ. არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზეც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ივნისის თვეში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.










