სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ოდესის პორტზე რუსული თავდასხმის შედეგად – განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
„მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აგრესორის სამიზნე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. მტრის ბალისტიკური რაკეტა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს მოხვდა. კერძო ტვირთების გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელი 60 წლის უკრაინელი გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. მათგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი მსუბუქი. ახლა მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება“, – წერს ის შეტყობინებაში.
კიპერის ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ ჩაშალონ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს არის მეორე თავდასხმა სამოქალაქო გემზე ოდესის რეგიონის პორტებში, დასძინა კიპერმა.