დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჰონგ-კონგში უვიზოდ იმოგზაურონ.
2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მგზავრობისას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისო კონტაქტების, ბიზნეს კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
ჰონგ-კონგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მგზავრობის გადაწყვეტილება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










