რა პოტენციალი აქვს წყალტუბოს ტურისტული კუთხით, თემაზე მასალას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს.
როგორც „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორი თეონა ქობულაძე სააგენტოსთან საუბრისას ამბობს წყალტუბო ამჟამად განვითარებულია როგორც ბალნეო კურორტი, თუმცა, აქვს პოტენციალი იმისა, რომ სამკურნალო ტურიზმი სხვა მიმართულებითაც აითვისოს.
გარდა ამისა, წყალტუბოში გვხვდება 78 ჰექტარზე გადაჭიმული ცენტრალური პარკი, რომელსაც ქობულაძის თქმით, მოწესრიგება სჭირდება. მანვე აღნიშნა, რომ მდებარეობიდან გამომდინარე, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, განავითაროს სათავგადასავლო ტურიზმიც.
„წყალტუბო მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდია, გვაქვს მაღალმთიანი სოფლები, ხვამლის მთის ნაწილიც ჩვენი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, არის ასევე ტბები, სადაც ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება ხელს შეუწყობდა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას. წყალტუბოსთვის გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით ტრანსპორტის მოწესრიგება.
დღეს მხოლოდ სამარშრუტო ტიპის ავტომობილები უზრუნველყოფენ ქალაქთაშორის და შიდა გადაადგილებას. ცალსახად უმჯობესია, საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მათ შორის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არარეგულარულობა, რაც აფერხებს ადმინისტრაციულ ერთეულებთან ბმას“, – დასძინა მან.










