რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის სწრაფვა ნატოსკენ სინანულისა და შეშფოთების მიზეზია. მისივე მტკიცებით, ერევნის ქმედებები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის. ამის შესახებ ზახაროვამ რეგულარულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ერევანი ნატოსთან თანამშრომლობის გაზრდას ამჯობინებს. ისინი ვაშინგტონში ალიანსის სამიტშიც მონაწილეობდნენ. ატარებენ ერთობლივ სამხედრო მანევრებს. ამის ნათელი მაგალითია ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე ამერიკულ-სომხური წვრთნები Eagle Partner-ი. ეს იწვევს არა მარტო სინანულს, არამედ შეშფოთებას სომხეთის მომავალთან დაკავშირებით.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რომელიც ნატოს ეკონომიკური დეპარტამენტია, არაერთხელ ჩაატარეს მსგავსი მაქინაციები მრავალ ქვეყანასთან. ცნობილია, როგორ მთავრდება ეს “არწივის პარტნიორობა”: გამოიყენებენ და მიაგდებენ როგორც არასაჭიროს.
ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან, ვისი მიზანიც რუსეთის “სტრატეგიული დამარცხებაა”, ერევანი საკუთარი ხელით ქმნის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის რისკს, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.










