ნიუ-მექსიკის შტატის სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება მოხსნა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, ბოლდუინმა უხეშად უგულებელყო უსაფრთხოების ზომები.
მსახიობის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს მთავარი მტკიცებულება — საქმეში არსებული ვაზნები არ გადასცა. ამით მათ ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიება და მიუთითეს იმ შეცდომებზე, რომლებიც გამომძიებლებმა ადგილზე მუშაობის დროს დაუშვეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და საქმე დახურა, ნაფიცი მსაჯულების კოლეგია კი დაშალა.
საქმე 2021 წელს ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის მკვლელობას ეხება. მსახიობის ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალა.
უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, 42 წლის გალინა ხატჩინსი ერთ-ერთი სცენის რეპეტიციის დროს რევოლვერიდან გასროლით დაიღუპა. აღნიშნულ რევოლვერს, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბოლდუინი იყენებდა, როგორც აღმოჩნდა, ის საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.










