ოკაცეს კანიონი ვიზიტორებს დღეიდან მოემსახურება. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს გვერდზე ვკითხლობთ კანიონი პირველი ივლისიდან იხსნება.
“ოკაცეს კანიონზე განახლება-რეაბილიტაციის პროექტი ძირითადად მოიცავს ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მიმავალ 2,5 კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე არსებული 11 ხიდის რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოებს, ასევე, კანიონის 1 000 მეტრზე მეტი სიგრძის კიდული ბილიკის ძველი საღებავისგან გასუფთავებას, კონსტრუქციის დეტალების განახლებას და ხელახლა შეღებვას.” – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ინფორმაცია ივნისში მოაწოდეს.
ოკაცეს კანიონი მიმდინარე წლის 12 თებერვალს დაიკეტა და მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა როგორც სააგენტოში აცხადებდნენ უამინდობამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელი შეუშალა. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ტურიზმის ბიზნესშია ჩართული დაკეტილი კანიონის გამო შექმნილ პრობლემებზე წუხდა და ტურისტული ატრაქციის გახსნას დროულად მოითხოვდა.










