ზოგადი საუბრების დონეზეა ჯერჯერობით, არ გვინდა წინა საარჩევნო დაპირების ნაწილში გავიდეს ეს პროცესი და რეალური საქმე არ დაიწყოს იქ – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში, საავტომობილო გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთის დაგეგმილ რეაბილიტაციაზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
ცაგერის მუნიციპალიტეტმა გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია 25 ივნისს გაავრცელა:
“ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
გზის 27 კმ-იან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტის საფარი.
ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, უკვე დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპი, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება.” – ნათქვამია ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთის, ქუთაისი-ალპანა-მამისოსნის 47-ზე კილომეტრზე მიმდინარე წლის 9 თებერვლას მეწყერი ჩამოწვა. გზა ერთ თვეზე მეტ ხანს ჩაკეტილი იყო, სოფლის მოსახლეობას კი ქალაქთან დასაკავშირებლად ხანგრძლივი გზის გავლა უწევდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ “მეგა ტვ”-სთვის მოწოდებული ინფორმაციით გზაზე 80 ათასი კუბური მეტრის მასა იყო ჩამოწოლილი.
“მოვითხოვთ რიონის ხეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის დაგებას” – რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრებმა ამ მოთხოვნით 31 მარტს, სოფელ ტვიშში აქცია გამართეს. მოქალაქეები ხეობაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივები შიდასახელწიფოებრივი გზის მოწესრიგებას უკვე წლებია ითხოვენ. მათი თქმით რიონის ხეობაში გზა ნამოხვანჰესის გამო 40 წელია მიზანმიმართულად არ კეთდება.










