“გეიარ-გამეიარე”, – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის დაკვეთით შეიქმნა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
აპლიკაციის სახელწოდება ოპოზიციამ გააკრიტიკა, ასევე უარყოფითი შეფასებები მოჰყვა სამოქალაქო სექტორში.
“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ის დამამცირებელია, როგორც ქუთაისისთვის, ასევე ზოგადად იმერეთის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ტურისტებს, მათთვის ეს სახელწოდება გაუგებარი დარჩება. გიგა შუშანიას თქმით, აპლიკაციის სახელი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უყურებს “ოცნების” ხელისუფლება ისტორიულ ქალაქს.
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაციის შექმნისთვის ტენდერი [NAT240004538] მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში წერია, ააიპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“ დიჯითალ ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ონლაინ სივრცეში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ესაჭიროება აპლიკაციების შექმნა- თამაში ქუთაისის შესახებ და გაძლიერებული რეალობა(AR) ქუთაისის არქიტექტურისთვის.
ტენდერში შპს “რეროდევმა” გაიმარჯვა. მას აპლიკაციების შექმნისთვის 100 850 ლარი მიიღო.