18, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება ქუთაისში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“17:00 საათიდან დაუკრავს DJ , მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს – გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, სამაგიეროდ, გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 16 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იყო, დღეს 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონ „BVB არენაზე“ ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება.
17 ივნისის განრიგი დორტმუნდში:
17:45 – საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია;
18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში.
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო;
22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი;
26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.