ხელს ნუ აღმართავთ ჩვენს შვილებზე! ხელს ნუ აღმართავთ მომავალზე! დადექით ხალხის გვერდით! – ამ პლაკატებით ლელოს ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წინ ბრიფინგი გამართეს. მათ ქუთაისის პოლიციის თანამაშრომლებს მოუწოდეს თბილისში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების დაშლაში არ ჩაერთონ.
როგორც ლელოს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე მიქაუტაძემ განაცხადა, არის ინფორმაცია, რომ ქუთაისელ პოლიციელებს არ უნდათ მიიღონ მონაწილეობა თბილისში გამართული აქციების დროს ე.წ. “წესრიგის დაცვაში“, რომელიც ხშირად აქციის მონაწილე ახალგაზრდების დარბევით მთავრდება, თუმცა მათ აიძულებენ ჩაერთონ სადამსჯელო ოპერაციებში.
„ქუთაისელი პოლიციელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სახელმწიფოებრივი აზროვნებით. დღესაც, როცა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება, როცა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს არა ევროპული ოჯახის, არამედ, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საძულველი რუსეთის იმპერიის ნაწილი, გვინდა მოვუწოდოთ ქუთაისელ პოლიციელებს: დადექით ხალხის გვერდით ისე, როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, ხელს ნუ შეუწყობთ ქვეყნის ძალადობრივ იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენი ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში, ნუ დაუკარგავთ მათ ევროპულ მომავალს“ – განაცხადა ალექსანდრე მიქაუტაძემ.










