გზა ლეჩხუმს, დაიგოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა – ამ მოთხოვნით, ლეჩხუმში, რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა.
5 სოფლის მოსახლეობა ქუთაისი-ალპანა-მამისონის დამაკავშირებელი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას მოითხოვს, რომელიც, როგორც თავად ამბობენ 40 წელია, არ გაკეთებულა, მიზეზად კი ნამოხვანჰესის მშენებლობას ასახელებენ.
ადგილობრივების თქმით ამ მცირე მონაკვეთის გავლას, რომლითაც ისინი ქალაქს უკავშირდებიან რამდენიმე წუთის ნაცვლად, თითქმის ორი საათი სჭირდება, ავტომობილი კი გასაკათებელი ხდება.
,,რუკიდან ვართ გამქრალი, ადამიანებად არ გვთვლიან, ადამიანი რომ ცუდად გახდეს, სასწრაფო რამდენიმე საათი ვერ მოდის, სოფელი დაცლილია” – ამბობენ ადგილობრივები და დახმარებას ითხოვენ.
როგორც აქციაზე აღინიშნა, მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ ერთი კვირის ვადაში მიიღონ პასუხი, თუ როდის მოწესრიგდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა და ამბობენ, არ შეიძლება შიდასახელმწიფოებრივი გზის მოწესრიგება დაკავშირებული იყოს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ ვერ განხორციელდა.
რიონის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 8 თებერვალს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც გზა ერთი თვით ჩაკეტა.
მოძრაობა რიონის ხეობის მცველების ორგანიზებით ჩატარებულ აქციას, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა, მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან შეურთდნენ.










