სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზაზა ჩაფიძის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი, რომელიც ამავდროულად მისი ადვოკატია ამბობს, რომ პატიმარს ორი კვირაა, საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიან. კაცი ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაშია. ადვოკატის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაწესებულების ხელმძღვანელობა და ექიმი ფაქტს გულგრილად ეკიდებიან.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია, მოთავსებულია ქუთაისის #2-ე პენიტენციურ დაწესებულებაში და არის უმძიმეს მდგომარეობაში, ორი კვირის განმავლობაში არ მიუციათ წამალი, რომელიც მისი ქრონიკული დაავადებებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის არის ავადმყოფი ქრონიკული თრომბოზით. როდესაც სამედიცინო პერსონალი ასეთი გულგრილია…კაცს ფეხი ულპება ხედავენ და არანაირი რეაგირება არ აქვთ”, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი აცხადებს, რომ თუ პატიმრის დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაყვანა არ მოხდება, შესაძლოა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს.










