“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, ამ წუთებში კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ – სამართალდამცველები ბომბს ეძებენ, რომლის არსებობის შესახებ მათ ანონიმური ზარის მეშვეობით შეატყობინეს. შენობიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები.
ინციდენტი დღეს თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. 32-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასელმა სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შედეგადაც სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაშავდა.










