საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საზოგადოებრივ მისაღებში „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, სადაც დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, – ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
„პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვთ. მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის სასიკეთო რამ გააკეთოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს. ჩემი და სხვების, ვინც ახლა აქ ვართ შეკრებილები, სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, „ქართული ოცნება“ ისე ვერ იქნებოდა როგორც არის და ჩვენც, საქართველოს მოსახლეობა ასეთი გაჭირვებული არ ვიქნებოდით“, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერმა, იზა მაჭარაშვილმა.










