იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.
აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










