ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცლებს.
განახლებული სივრცე დღეს გაიხსნა. დღესვე, სიმბოლურად სამუსიკო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე, საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებში მონაწილეობისა და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა.
რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 1 341 758 ლარია. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა მზადაა ნებისმიერი დონის საერათოშორისო მუსიკალური ღონისძიების ჩასატარებლად.
ცნობისთვის, შენობის რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის 8 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ჩავარდნილი და დროში გაწელილი სამუშაოების შემდეგ მერიამ გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ტენდერი ხელახლა გამოცხადა.