2023 წელს საქართველომ არაერთი გამორჩეული, სხვადასხვა სფეროს გამორჩეული ადამიანი დაკარგა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა ისტორიის ნაწილია. გავიხსენოთ ადამიანები, რომელბიც საქართველომ გასულ წელს დაკარგა.
ლამზირა ჩხეიძე

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე 8 იანვარს გარდაიცვალა. ლამზირა ჩხეიძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
ვახტანგ “ბუბა” კიკაბიძე

არაერთი ჯილდოს ლაურეატი ქართველი მომღერალი და მსახიობი 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძე იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, ორერას, წევრი. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, იგი მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში, რომელთა შორისაა მიმინო (1977) და ვერის უბნის მელოდიები (1973).
მანანა დოიჯაშვილი

ქართველი პიანისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი 17 იანვარს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დოიჯაშვილი მსოფლიო მასშტაბით უამრავი პრესტიჟული კონკურსისა და პრემიის ლაურეატი იყო. მისივე ძალისხმევით, კონსერვატორიაში აღდგა დიდი დარბაზი ფუნქციონირება. მუსიკოსმა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ქვეყანაში კონკურსებიც დააფუძნა.
ჯემალ ღაღანიძე

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი 3 თებერვალს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. ღაღანიძე მონაწილეობა რუსთაველის თეატრში დადგმულ არაერთ წარმატებულ სპექტაკლში, მათ შორის, ჰამლეტში, კავკასიურ ცარცის წრეში, რიჩარდ III-სა და მაკბეთში. მსახიობმა ასევე ითამაშა ფილმებში ფეოლა (1970), ნერგები (1972), ნატვრის ხე (1976) და სხვა.
რეზი ქაროსანიძე

მესხიშვილის თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით თეატრის სცენაზე 8 თებერვალს დაასრულა. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და სარეპეტიციო რეჟიმში თავის მეორე სპექტაკლზე ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინზე” მუშაობდა. პირველი სპექტაკლი მან საზოგადეობას 26 ნოემბერს წარუდგინა. ეს იყო “ბუზები” ახალგაზრდა რეჟისორის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება.
ჯამლეტ ხუხაშვილი

ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში 5 აპრილს გარდაიცვალა.
ჯამლეტ ხუხაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი.
ბესო მეგრელიშვილი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი 11 აპრილს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ტელემაყურებლებიც კარგად იცნობდნენ; იგი მონაწილეობდა პოპულარულ სერიალებში: ყავა და ლუდი, ჩვენი ოფისი, ჩიფსების თაობა, კლინიკა და ჩემი ცოლის დაქალები.
რუსუდან ბერიძე

მათემატიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში 18 მაისს გარდაიცვალა. 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი. რუსუდან ბერიძე 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო.
ზურაბ ქურციკიძე

საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე 31 მაისს გარდაიცვალა. ზურაბ ქურციკიძე კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით, რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ის 50 წლის იყო.
ვასილ კაჭარავა

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა 9 მაისს გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, ვასილ კაჭარავა სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
თენგიზ მუშკუდიანი

საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი 2 ივლისს გარდაიცვალა. თენგიზ მუშკუდიანი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, შესანიშნავი მომღერლის, მსახიობის, ყველასათვის სამაგალითო პიროვნება.
ომარ მხეიძე

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე 17 ივლისს ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს დაასახელა “საუკუნის მოცეკვავედ”, პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა “ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა “ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
კონსტანტინე კუბლაშვილი

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 15 აგვისტოს გარდაიცვალა.
გოგი ხარაბაძე

ქართველი რეჟისორი, მსახიობი და მწერალი 17 აგვისტოს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. ხარაბაძის ყველაზე ცნობილი კინოროლებია ოთარი ოთარ იოსელიანის გიორგობისთვეში (1966) და კაზა ჩხეტია გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას დათა თუთაშხიაში (1978). კინოხელოვანი საქართველოს დამსახურებული არტისტი და კიდევ ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელი იყო.
თენგიზ გოცაძე

საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში 20 აჰვისტოს გარდაიცვალა. თეიმურაზ (თემო) გოცაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988წწ. იყო თბილისის “მხატვრის სახლის” დირექტორი; 1988-2005წწ. საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების “სურათების ეროვნული გალერეის” გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში;1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით,1989 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია,1989 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
თენგიზ არჩვაძე

ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს 45 კინოროლიც აქვს შესრულებული; მათ შორისაა ფილმები ხევისბერი გოჩა, დიდოსტატის მარჯვენა, დათა თუთაშხია, შეხვედრა მთაში და სხვა.
ქეთი ბერძენიშვილი

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 8 ნოემბერს გარდაიცვალა. ქეთი ბერძენილშვილი იყო ჟურნალისტი, საქართველოში ცნობილი და რეიტინგული ,,რადიო ძველი ქალაქის” დამფუძნებელი. ის იყო სამოქალაქო აქტივისტი და “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრი.
თენგიზ კიტოვანი

85 წლის ასაკში 13 ნოემბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. არ დაემორჩილა ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში
ზვიად სვანაძე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე 13 ნოემბერს გარდაიცვალა. მსახიობი ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. სამსახიობო მოღვაწეობის 35 წლის მანძილზე მრავალი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სცენური სახე შექმნა. მისი მიღწევები და წარმატებები სხვადასხვა ჯილდოებითაა აღნიშნული და დაფასებული.
მედეა ამირანაშვილი

ქართველი სოპრანო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა 2 დეკემბერს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 1954 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, ამირანაშვილი წამყვანი სოლისტი გახდა და ასრულებდა მთავარ პარტიებს სხვადასხვა წარმოდგენაში, მათ შორისაა ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი და დაისი.
ზურაბ ქარუმიძე

ცნობილი ქართველი მწერალი და პრემია საბას ლაურეატი 12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქარუმიძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი (2006) იყო, რომელიც მან ინგლისურ ენაზე დაწერა. მხატვრული ლიტერატურის გარდა, იგი წერდა დოკუმენტურ პროზასაც და ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ოთარ იოსელიანი

მსოფლიოში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი 17 დეკემბერს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. მისმა გადაღებულმა ფილმმა გიორგობისთვე (1966) კანის კინოფესტივალზე ფიპრესის (კინოჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია) პრემია მიიღო. ამის მიუხედავად, ოთარ იოსელიანის შემოქმედებას საბჭოთა სისტემა არ სწყალობდა, რის გამოც 1980-იანი წლებიდან რეჟისორმა საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა.










