კაფე-ბარ ,,სავანეს” მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.
მან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
გიორგი ტურაბელიძე მოითხოვს გამოძიების დაუყონებვლივ დაწყებას, დაზარალებულად ცნობას და ქალქის მერის პასუხისგებაში მიცემას.
„დღეს შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში. საქმე ეხება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებას. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხის ანთების შემდეგ, პირადად მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის, ქუთაისელებისთვის, ის უკვე მიუწვდომელი პიროვნება გახდა.
ქალაქს და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური კითხვები მასთან, რაზედაც მისგან პასუხების მიღება მერიის შენობაში შეუძლებელი გახდა.
ამიტომ, გვიწევს სადაც ვნახავთ, იქ დავუსვათ მას კითხვები, რაც ძალიან აბრაზებს, გამოყავს წყობიდან და მისი პასუხი არის ერთი: გინება და შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება.
მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე. სამწუხაროდ, მან ვერ გაიაზრა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, არადა ეს მას აცილებლად მოუწევს.
ქუთაისს არ შეიძლება ჰყავდეს მსგავსი მოძალადე პიროვნება ხელმძღვანელობაში. მან და მისმა კორუფციით სავსე მოადგილეებმა თანამდებობები უნდა დატოვონ“,- გიორგი ტურაბელიძე.










