საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ.
აიატას ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს დაათვალიერებენ და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან. მომდევნო 6 თვის განმავლობაში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში.
,,ჩვენი აქ ყოფნის მიზანი არის საქართველო აეროპორტების გაერთიანების დაკვეთით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი მასტერპლანის მომზადება. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი ამოცანის მხარდამჭერი ვართ, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს როგორც ქუთაისის აეროპორტის, ისე იმერეთის რეგიონის განვითარებას და უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებს და მგზავრების მოზიდვას. ქუთაისის აეროპორტში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს უკეთ გავეცნოთ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ეს არის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, ის ძალიან კარგად არის დაგეგმარებული მაგრამ, არის გარკვეული გამოწვევები ექსპლოატაციის მხრივ და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ამ საკითხებზე ვიმუშავოთ” – განაცხადა IATA Consulting-ის პროექტის მენეჯერმა ალეხანდრო რივერა გილმა.










