Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრა “ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა”.
მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა “ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი” მოინახულეს.
ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ, ისაუბრა. საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც Эхо Кавказа წერს, ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მანამდე სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ მიზანი “სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარებაა კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად.”










