ისრაელში მშობლებს ეუბნებიან, რომ შვილების მობილურებიდან სოციალური ქსელების აპლიკაციები წაშალონ, სანამ ჰამასის ტერორისტები 7-8 ოქტომბერს აყვანილი მძევლების ვიდეოების გავრცელებას დაიწყებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თელ-ავივის სკოლის მშობელთა ასოციაციის თქმით, მიიღეს შეტყობინება, რომ უახლოეს მომავალში მძევლების ვიდეოების გავრცელებას ელოდებიან. კადრები, სავარაუდოდ, უმძიმესი სანახავი იქნება.
თავის მხრივ, ასოციაციამ შეტყობინება გაუგზავნა მშობლებს და სთხოვა, სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი TikTok-ის აპლიკაციები შვილების ტელეფონებიდან წაშალონ.
“ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ ჩვენს შვილებს, რომ ამას უყურონ. ამასთან რთულია, მეტიც – შეუძლებელია სოციალურ მედიაში ამ მასალის შეკავება”. – წერს ასოციაცია.
ჰამასი ამბობს, რომ 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი, მათ შორის, არმიის ოფიცრები ღაზაში გადაიყვანეს.










