„ვილნიუსი – 700“ – 3-17 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოფენა გაიმართება.
“1323 წლის 25 იანვარს, ლიტვის დიდი მთავრის გედიმინასის დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი წერილი, ის უძველესი ისტორიული დოკუმენტია, რომელშიც პირველად გვხვდება სახელწოდება ვილნიუსი. შესაბამისად, ლიტვის დედაქალაქი 2023 წელს 700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
შვიდი საუკუნის განმავლობაში ვილნიუსს ბევრი აღზევება და დაცემა უნახავს. ომები, ოკუპაცია, ეპიდემია, ხანძრები მნიშვნელოვნად ცვლიდა ქალაქს. თუმცა, ის ყოველთვის პოულობდა ძალას ახალი სიცოცხლისთვის.
XIX საუკუნის II ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გამოგონება, ფოტოგრაფია, ვილნიუსშიც იკიდებს ფეხს. დედაქალაქის პირველი ფოტოგრაფიული გამოსახულებებიც სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის. ფოტოგრაფიის ისტორია ვილნიუსში 1839 წელს, დაგეროტიპების გადაღებითა და გამოფენით იწყება. პირველ ფოტოსტუდიებს 1860-იან წლებში აბდონ კორზონი და ალბერტ სვიეიკოვსკი ხსნიან და ვილნიუსის ხედებსაც იღებენ. ქალაქი უცხოეთიდან ჩამოსულ ფოტოგრაფებსაც იზიდავს, ვილჰელმ ზახარჩიკი, ანტალ რორბახი, კონრად ბრენდელი ფოტოგრაფიული პიონერები არიან, სწორედ მათი ფოტოების საფუძველზე არის შედგენილი ფოტოალბომები Vilniaus vaizdai (ვილნიუსის სურათები). თუმცა, იოზეფ ჩეხოვოჩი (1818-1888) პირველი ფოტოგრაფია, რომელიც ზედმიწევნით აფიქსირებს ძველ ვილნიუსს, ქმნის ფერწერულ პანორამებს, შთამბეჭდავ ფოტოპეიზაჟებს, ქმნის უნიკალური არქიტექტურული ძეგლების და მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტოქრონიკას.
მოგვიანებით, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ვილნიუსს სტანისლავ ფილიბერ ფლერი (1858-1915) იღებს. მის ფოტოებზე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების გვერდით ყოველდღიურ ყოფით სცენებს, ქუჩაში გამვლელ შემთხვევით პერსონაჟებს, მოედნებს და ბაზრებსაც ვხვდებით.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის 3 ოქტომბერი 18.00 საათზე გაიხსნება.










