ბრუნტეტი-დაბრუნება – მოგზაურობა 5 წლის ალექსანდრეს წარმოსახვით სამყაროში, რომელიც 1990-იან წლებს ასახავს – ქუთაისი 4 ოქტომბერს მუსიკალურ სპექტაკლს უმასპინძლებს.
19 საათზე მესხიშვილის თეატრში მაყურებელი, არტისტების kordz-ის, Haraki-ს და Kluster 5-ის შემოქმედებას იხილავს.
“ბრუნტეტი – დაბრუნება” არის მუსიკალური სპექტაკლი, სადაც მაყურებლებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში. სპექტაკლი დაფუძნებულია kordz-ის ნაწარმოებზე ‘1999’, რომელიც 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის ‘Kluster 5’ და გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო – ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებზე და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
“ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის Kluster5 დავწერე ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებული იყო ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ჩემი ბავშვობის აუდიო-ჩანაწერების კასეტაზე. კასეტაზე ჩემი 45 წუთიანი ინტერვიუა ჩაწერილი.საქართველოშიც გვინდოდა ამ ნაწარმოების დაკვრა და გაჩნდა იდეა, რადგან აუდიო-ჩანაწერებში იმ პერიოდის ბავშვური ფანტაზიის სამყაროს შესახებ ხდებოდა თხრობა, კარგი იქნებოდა ამ ყველაფერს ვიზუალიც ჰქონოდა. ამ ვიზუალიზაციის განხორციელების საუკეთესო ასახვა კი, თეატრს ყველაზე კარგად შეუძლია. სპექტაკლში გამოყენებულია ყველანაირი მედიუმი, ეს იქნება კოსტიუმირებული, ვიდეო-აუდიო მასალით და ექსპერიმენტული მუსიკით გაჯერებული მულტიმედია პროექტი. ერთი სიტყვით, ეს არის დღევანდელობაში გადმოტანილი ბრუნტეტი, რომელიც ჩემი ბავშვური ფანტაზიის სამყარო იყო.“ – ამბობს მუსიკოსი – ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) billboard-თან ინტერვიუში.
ცოცხალი მუსიკით და წარსულის 90-იანი წლების ფრაგმენტებით გაჯერებული აუდიო მეხსიერების ბგერები თანამედროვე რეალობაში მუსიკალურ სპექტაკლად იქცა.
მუსიკოსები არიან kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები), პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე ‘ჰარაკი’-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ლანა ყავრელიშვილი, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი, მხატვარი: ნანა კალანდაძე, ანიმაცია: ნანა კალანდაძე და კოკა კიტია. სპექტაკლის ორგანიზატორია Stockton. ბილეთის ფასია 15-40 ლარი. SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.










