ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საკითხზე თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა მესხიშვილის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თეატრში ბევრი ცვლილება იგეგმება:
“პირველი ექვსი თვე არის დემონტაჟის ეტაპი, თუმცა დემონტაჟთან ერთად მიმდინარეობს ძალიან საინტერესო სამუშაოები. ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო რომ შესაძლებელი იყო ასე ძირფესვიანად გაკეთებულიყო. მთავარი ცვლილება იქნება ის რომ, სრულიადნ ნულიდან აღიჭურვება თეატრი ტექნიკურად, იქნება საბოლოოდ აღჭურვილი ევროპულ დონეზე. საორკესტრო ორმო ივლის, სცენა ავა-ჩამოვა. ეს იქნება რესპექტაბელური თეატრი თავისი აკუსტიკური შესაძლებლობებით. 2025 წლის თებერვალ-მარში უნდა იყოს დასრულებული. ასე არის გეგმა, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ეს თეატრი არ გარემონტებულა ასე ძირფესვიანად. კეთდება ძირფესვიანი რეაბილიტაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი დროის წაღება. ჩვენი თეატრი რომ სრულდება, უკვე ჩასმულია მესხიშვილის თეატრი, ეს ძალიან დიდი საქმეა.” განაცხადა ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, თუ სად გააგრძელებს მოღვაწერობას ამ პერიოდის განმავლობაში ოპერის თეატრი და რას შესთავაზებენ მაყურებელს. დირიჟორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ, ოპერის თეატრის ლოჯისტიკის მოწესრიგება რთული საკითხია, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე.
“მესხიშვილის თეატრში გვექნება საკონცერტო შესრულებები. გვაქვს სამინისტროს მიერ დაფინანსებული ჩვენი არსებული სპექტაკლის, რევაზ ლაღიძის “ლელას” აღდგენა-რეკონსტრუქცია, ანუ ახალი კოსტუმებით და ახალი დეკორაციებით. აღმოვაჩინეთ რომ ბაღდათში რევაზ ლაღიძის სამშობლოში არსებობს კარგი სივრცე, თავისი საორკესტრო ორმოთი, ასე რომ 27 ოქტომბერს გვექნება პრემიერა ბაღდათში. სეზონის გახსნა იქნება პრემიერით, გასვლითი სპექტაკლით. ვეცდებით რომ საერთაშორისო გასტროლებიც გვქონდეს და ძირითადად საქართველოში ვიმუძრავებთ. ჩვენი კოლექტივი ძალიან დიდია და რთულია ლოჯისტიკა. მინიმუმ 150 ადამიანი რომ წავიდეს ძალიან რთულია ტექნიკურად.” – ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.
სამშაოების ღირებულება 21 მილიონი ლარია.
„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ქალბატონი თეა წულუკიანი იყო ჩასული ქუთაისში, ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტი არის დაახლოებით 21 მლნ ლარი,“ – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს.
2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.
ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის შექმნასა და ქუთაისის ოპერის თეატრის მსოფლიოს წარმატებულ თეატრთა რიგში ჩაყენებას.










