დღეს, ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა. სადღესასწაულო ქადაგებაში მთავარეპისკოპოსმა ერთ -ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლებასა და თავისუფლებაზე გააკეთა.
,,ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაცა მეტ ფულს მოგცემთ. რუსეთი იქნება, ევროპელი იქნება, თუ სხვა ვინმე , ჩინელი, ამერიკელი, თურქი, თუ ნებისმიერი. ჩვენ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ძლიერი დამოუკიდებელი, თავისუფალი ხალხით სავსე, ისე, რომ პატივს სცემდნენ, ჩვენი ღირსება დაინახონ და პავლიკა მოროზოვებად არ გვიყურონ. თორემ ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სახელებსაც მეუბნებიან, სხვათაშორის, ამერიკელები არიან, თუ ევროპელები. სამარცხვინოდ, რომ იქცევიან ჩვენები.. პავლიკა მოროზოვიც იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლნი არიან.
ძალიან კარგები ხართ და იცით, რაში შევეჯიბროთ ყველანი ერთმანეთს? მივცეთ ახალგაზრდებს, აქვე, ძლიერი განათლება. მე ახლა კიდევ ვიმეორებ , როდესაც ამერიკელები იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ამერიკის სახელმწიფისთანაც და მაგათ განათლების სისტემასთანაც, ამერიკაში ნომერ პირველი პროგრამა, რომელიც არის არა მარტო ამერიკაში, მთელს მსოფლიოში ნომერ პირველი, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, ეკლესია ჩვენი დაფინანსებით, წელიწადში 60 უმაღლესი დონის სპეციალისტს ვუშვებთ. ამაში შევეჯიბროთ, ამდენი ფული რომ გაქვთ უნივერსიტეტებს, წინა მთავრობის დროს ხელში ჩავიგდეთ ის უნივერსიტეტები, შენობებში ფულის ჩადებაც არ გახდა საჭირო, ისე ჩაიგდეთ შენობები ხელში. თქვენც დააფინანსეთ ეს, საუკეთესო ჩამოიტანეთ.
60-ს თუ ჩვენ ვზრდით, სხვა, 10 უნივერსიტეტი წელიწადში 60-60 ძლიერ სპეციალისტს, რომ უშვებდეთ, წელიწადში წარმოიდგინეთ ეს ახალგაზრდობა რა წინ იქნება წასული, ტექნოლოგიებშიც წინ ვიქნებით, კაცობა და მეგობრობა ისედაც იციან.
გაიხარეთ, ახალგაზრდებო და არასდროს დაიჯეროთ საქართველოს გარეთ, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დიადი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, იმას უფრო შეტკიოდეს გული, ჩვენს საქართველოსა და თქვენზე, ვიდრე, რომელიმე ბაბოს, რომელიმე პაპას, თუნდაც მეზობელს. მშობლებზე არ ვლაპარაკობ, სახელმწიფოზე და ეკლესიაზე.
გავხდეთ ყველანი ისეთები, რომ ყველანი ღირსეულები ვიყოთ. მოდით, პავლიკა მოროზოვები დავუტოვოთ რუსებს და სხვა ერებს, რომელთაც მოსწონთ, ჩვენ არ გვინდა, არ გვჭირდება. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ვაფასებდეთ და ამას ყოველთვის ვიტყვი, არავის მოვახდენინებთ შიგნით არეულობას, არ ინერვიულონ მაგაზე. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს.
ამას კიდე ვიტყვი: იმ დღეს ვქადაგებდი და უსინდისოდ გამოდიან და რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო და ლაპარაკობენ ისინი, ვინაც დღესაც რუსულ ფულს იღებს. ის ტელევიზიები, თავიდანვე, ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს მაგ ტელევიზიებში არის. თუ ძალიან დააინტერესებთ შემიძლია ვამხილო და არ ვურჩებ ასეთ რაღაცაში დაგვიპირისპირდნენ. ჩემთვის არაფერს წარმოდგენს, ევროპიდან მეტყვიან , რუსეთიდან, ამერიკიდა, თუ აქ მეტყვის ვიღაცა-რას ამბობო. წესიერედ მოიქცნენ და არ ვიტყვი არავისზე არაფერს.
შემომიტევენ და თვითონ დამარცხდებიან. როგორც მაცხოვარს ვერაფერს დააკლებენ და სარწმუნოებას-,, კლდესა ზედა აღვაშენობეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო” -ვინც დაეჯახება დაილეწება, ვისაც დაეცემა დაიმსხვრევა. ამასაც არავის არ ვურჩევ , არათუ ჩემს ერში , სხვაგანაც არ ვურჩევ არავის. ღმერთმა დაგლოცოთ, დედაღვთისა გფარავდეთ, გაიხარეთ და იხარეთ ორსავ სოფელსა შინა და არაფრის არ შეგეშინდეთ, არაფრის არ შეგეშინდეთ, ახალგაზრდებო, დაფიქრდით, იფიქრეთ და თუ არასწორი ვარ ჩემს აზრებში მითხარით, თუ არადა, არავის იდეოლოგიის მსხვერპლი არ გახდეთ. იხარეთ ორსავ სოფელს შინა.”-განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.










