? ამბავი “ბოცორიასა” და მისი ძეგლის შესახებ სოციალურ ქსელში ელისო ჯინჭველაძე აქვეყნებს.
” ბათუმში,ღვთისმშობლის ეკლესიის შესასვლელთან, უცნაური ქანდაკება ვნახე. დავინტერესდი, ვინ იყო ეს პიროვნება და მასზე რაც გავიგე, მინდა, საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი:
ეს, საოცარი მზერით გამორჩეული მოხუცი ამ ეკლესიასთან იდგა წლების მანძილზე ხელგაწვდილი და მოწყალებას თხოულობდა. საოცრად თავმდაბალი და კეთილი მოხუცი გამორჩეულად უყვარდა თურმე ყველას. რა იყო გამორჩეულობის მიზეზი? თურმე, მოწყალებით ნაშოვი ფულიდან თავისთვის არაფერს იტოვებდა – ჩუქნიდა ბავშვებს, სხვა ხელგაწვდილებს… შეგროვილი თანხის ნაწილი ეკლესიას მოახმარაო, ესეც თქვეს. ამ ფულით ეკლესიის ეზოში ავზი გაუკეთებიათ,საიდანაც ნაკურთხი წყალი გადმოედინება.
? “ბოცორია”- ასე ეძახდნენ ამ კეთილშობილ მოხუცს. მისი ნამდვილი სახელი ყოფილა ვარლამ გოდუაძე. იმერეთიდან იყოო წარმოშობით.
ერთხელაც თურმე მან უბინაო და ძალიან ღარიბი ახალგაზრდა შეიკედლა.
ღამის გასათევიც მისცა და დააპურა კიდეც, მაგრამ სიკეთეს ბოროტებით უპასუხა თურმე იმ ყმაწვილმა- დაახრჩო მოხუცი, გამოძალვის მიზნით.
?ცრემლად დაიღვარა თურმე ყველა ადამიანი,ვინც ” ბოცორიას” მკვლელობის ამბავი გაიგო. უამრავი ადამიანი მისულა მის დაკრძალვაზე. მოსწავლეებიც მისულან ყვავილებით. გულწრფელად დაუტირებიათ მოხუცი.
?ეს ადამიანი ეკლესიის ეზოში განისვენებს ახლა. ალბათ გაინტერესებთ,რა ბედი ეწია მკვლელს: სასამართლომ თურმე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ამ უღირს ადამიანს და იცით რა მოხდა? იმერეთიდან ჩამოსულმა ” ბოცორიას” დამ მკვლელის გათავისუფლება ითხოვა: ჩემი ძმა არ ისურვებდა,მის გამო ვინმე რომ დასჯილიყოო! ის არაკაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს…~
? გაოცებული,აღფრთოვანებული და გახარებული ვარ- არც ერთ ეკლესიასთან ხელგაწვდილი ადამიანის ძეგლი არ მინახავს!
დიდებული ადამიანის ძეგლი როგორ უხდება ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიას!
ნათელი ” ბოცორიას” ლამაზ სულს!..” – წერს ელისო ჯინჭველაშვილი










